2016 წელი
საქართველოს მასშტაბით სულ (31.12.2016) რეგისტრირებულია 1586 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი.
სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივები რეგიონების მიხედვით:
კახეთი-156; ქვემო ქართლი-224; მცხეთა-მთიანეთი-86; შიდა ქართლი-119; სამეგრელო - ზემო სვანეთი-127; გურია-53; აჭარა-155; სამცხე-ჯავახეთი-358; იმერეთი-124; რაჭა-ლეჩხუმი-132; თბილისი-52.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა“
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა“ მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკის შეღავათიან ფასად, 900 ლარად (რაც მისი ღირებულების 24 % შეადგენს) კოოპერატივებისათვის გადაცემას ითვალისწინებს. თითოეულ კომპლექტში შედის მოტობლოკის აგრეგატი სათიბით, გუთნით, კულტივატორით და ხელის სათესი.
დევნილებისა და ეკომიგრანტების მიერ შექმნილ, ასევე მაღალმთიან, სასაზღვრო და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რეგისტრირებულ კოოპერატივებს თითო კომპლექტის შესყიდვისას დამატებით გადაეცემათ 1 ხელის სათესი 1 ლარად.
პროგრამის განხორციელება 2014 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე 684 კოოპერატივი დაკმაყოფილდა 1539 აგროკომპლექტითა და დამატებით 201 ხელის სათესით. შედეგად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები აღიჭურვა მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით, რაც ხელს უწყობს რთული რელიეფის მქონე და მცირე მიწის ნაკვეთების დამუშავებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში მათ ჩართულობას.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივების სია
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის" სახელმწიფო პროგრამა
სახელმწიფო პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კაპიტალური ინვესტირების განხორციელება და მეპაიეთა კვალიფიკაციის ამაღლება.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სკები, თაფლის საწური (ციბრუტი) და ჯამურად 2200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი 70%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემათ. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივები იღებენ ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების“ ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით, ასევე პროგრამაში მონაწილეს უფლება აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში წარმოადგინოს მის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსასყიდლოდ.
2016 წელს მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 164 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა 13 936 სკა, 28 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 28 ერთეული თაფლის საწური (ციბრუტი), ასევე 27 კოოპერატივმა მიიღო ჯამურად 61 400 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ავზები.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივების სია
"რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების" მხარდაჭერის პროგრამა
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული რეგისტრაციის შედეგად 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოო დანადგარები გადაეცა. კოოპერატივებმა, ასევე მიიღეს ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. კოოპერატივები, მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ტრეინინგების სახით.
ტრენინგები კოოპერატივებისათვის
2015 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30-მდე მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის „საგადასახადო კოდექსის“ პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც 233 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის 387 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. სასწავლო კურსმა საშუალება მისცა კოოპერატივების წარმომადგენლებს, მიეღოთ ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციებიდან წარმოქმნილი გადასახადების, მათი გაანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესების, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის შედგენისა და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების შესახებ.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივების სია
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებისათვის 2015 წელს სასწავლო სემინარი ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ჩინური მხარის, შპს „ჰუნანის” სოფლის მეურნეობის ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა. სემინარში მონაწილეობა კოოპერატივების 35-მდე წარმომადგენელმა მიიღო. სემინარის 11-მა მონაწილემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამთვიანი სასწავლო კურსი მეფუტკრეობისა და მარცვლეულის ზეთის წარმოების მიმართულებით გაიარა.
2016 წელს ჩატარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მენეჯერებისა და წევრებისათვის. სასწავლო პროგრამისათვის სპეციალურად შემუშავდა მოდულები, რომელიც მოიცავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საფუძვლებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ორგანიზაციული განვითარების ციკლს, საორგანიზაციო აუდიტის მეთოდოლოგიას, სამართლებრივ რეგულირებას და შიდასაწარმოო ურთიერთობების წესებს. ტრენინგი ტარდება აგრეთვე ბიზნეს დაგეგმარების მიმართულებითაც. ტრენინგი უტარდება 800 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის 1600-ზე მეტ წარმომადგენელს საქართველოს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოს 31 მუნიციპალიტეტში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ტრენერთა სასწავლო პროგრამა გაიარა 105 ექსპერტმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების 60-მა თანამშრომელმა. 2016 წლის განმავლობაში 224 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის 400-ზე მეტ წარმომადგენელს ტრენინგი ჩაუტარდა ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვის საფუძვლებში. სასწავლო პროგრამა ხორციელდება EU/ENPARD-ის პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების ხელშემწყობი პროექტის“ ფარგლებში კომპანია EVOLUXER S.L მიერ.