სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამაში გამოცხადებული რეგისტრაციის შედეგად საქართველოს 8 რეგიონში, რძის გადამამუშავებელი სხვადასხვა სიმძლავრის 13 კოოპერაციული საწარმო აშენდება. მათ შორის ერთი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ გვესოს ფერმა“ თხის ყველის წარმოებას გეგმავს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემა სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით მიიღებენ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „გვესოს ფერმას“ გადაეცემა თხის 12 ადგილიანი საწველი და ყველის დამამზადებელი რძის საწარმოო აღჭურვილობა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თანამონაწილეობას წარმოადგენს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება პროგრამის ფარგლებში გადასაცემი აღჭურვილობა.
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირება.